IOC ძალოსნობის მომავალით შეშფოთებულია

15 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზის 2024 წლის წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღების შესაძლებლობას განიხილავს. IOC-ის  რადიკალური ნაბიჯის მიზეზი შეიძლება გახდეს IWF-ის მმართველობაში არსებული სერიოზული პრობლემები. ამის თაობაზე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ერთი კვირის წინ განაცხადა და IWF-ს მოუწოდა, განახორციელონ აუცილებელი რეფორმები. მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ  IWF-ი არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ და IOC-ის მხრიდან მხარდაჭერილ რეკომენდაციებს, არ შეაქვს ცვლილებები წესდებაში, სპორტსმენთა კომისიის წევრები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

უთანხმოება კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) სახელდახელოდ შეკრებილმა აღმასრულებელმა საბჭომ  IWF-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადააყენა ამერიკელი ურსულა პაპანდრეა და მის ადგილას გაამწესა ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოეი. კერძოდ, IOC-ის შეშფოთება გამოიწვია პაპანდრეას გათავისუფლების უხეშმა ფორმამ და პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებლად იმ ქვეყნის წარმომადგენლის დანიშვნამ, რომელსაც დოპინგსკანდალების გამო აკრძალული აქვს ტოკიოს ოლიმპიადის ძალოსანთა შეჯიბრებაში მონაწილეობა.

IOC მჭიდროდ თანამშრომლობდა პაპანდრეასთან და მის მიერ ინიცირებულ რეფორმებსაც სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.

IOC-მა თავისი  უკმაყოფილების შესახებ IWF-ის ხელმძღვანელობას აცნობა და აღნიშნა, რომ 2024 წლის თამაშებზე ძალოსნობისთვის განსაზღვრული კვოტის გადახედვის უფლებას იტოვებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ IWF-ში რეფორმების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია   და მასზეა დამოკიდებული ძალოსნობის ოლიმპიური მომავალი.

ურსულა პაპანდრეა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წლეულს იანვარში დაინიშნა, რასაც წინ უძღოდა უნგრელი ტამაშ აიანის გადადგომა კორუფციული სკანდალების ფონზე. აიანი საერთაშორისო ფედერაციას 2000 წლიდან ედგა სათავეში.  დამოუკიდებელი კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ IWF-ში აიანის პრეზიდენტობისას ადგილი ჰქონდა დადებითი დოპინგ-სინჯების გადამალვის და საპრეზიდენტო არჩევნებისას  ხმების მოსყიდვის შემთხვევებს.

მაკლარენის მოხსნებაში კორუფციის ბრალდებით ასევე ფიგურირებდა ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოეის სახელიც, რომელმაც პაპანდრეას ადგილი დაიკავა.