IWF დროებით მაიკ ირანის ჩააბარეს

16 ოქტომბერი 2020

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბრიტანელი მაიკ ირანი დანიშნა. ბრიტანელმა თანამდებობაზე ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოი შეცვალა.

„მადლობას ვუხდი IWF-ის აღმასკომს, რომ დროებით მანდო პრეზიდენტის თანამდებობა, - ამბობს მაიკ ირანი. - ვინაიდან მომავალში IWF-ის პრეზიდენტობის კანდიდატად არ ვიქნები წარმოდგენილი, შემეძლება, რომ სრულად ვიყო გადართული რეფორმებზე, რომლებიც IWF გამჭვირვალე კონგრესთან მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების ამბიციური პროგრამის განხროციელებას შევძლებთ."

სამშაბათს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან ამერიკელი ურსულა პაპანდრეა გაანთავისუფლა, მის ადგილზე კი ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საეჭვო რეპუტაციის ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოი დანიშნა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა (IOC) ოთხშაბათს IWF-ის ხელმძღვანელობის შეცვლით შეშფოთება გამოთქვა და პაპანდრეას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ფედერაციაში მის მიერ ინიცირებული რეფორმების   განხორციელებაში. გარდა ამისა, IOC-მა IWF გააფრთხილა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, ძალოსნობამ, შესაძლოა, 2024 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ადგილი დაკარგოს.

მაიკ ირანის IWF-ში სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, ბრიტანელი IWF-ში ანტისადოპინგო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელია.

IWF-ის დროებითი პრეზიდენტის დანიშვნა თანამდებობიდან უნგრელი ტამაშ აიანის გადადგომის შემდეგ გახდა აუცილებელი.

აიანი საერთაშორისო ფედერაციას 2000 წლიდან ედგა სათავეში.  დამოუკიდებელი კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ IWF-ში აიანის პრეზიდენტობისას ადგილი ჰქონდა დადებითი დოპინგ-სინჯების გადამალვის და საპრეზიდენტო არჩევნებისას  ხმების მოსყიდვის შემთხვევებს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის შემსუბუქების შემდეგ ჩატარდება.