პარიზი-2024 ოლიმპიური თამაშებისთვის მედია სოფელს ააგებს

16 ოქტომბერი 2020

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ის კომპანიები განსაზღვრეს, რომლებიც ჟურნალისტებისთვის საცხოვრებელ კვარტალს გააშენებენ. საუბარია ერთგვარ მედია-სოფელზე, სადაც პრესის 2800 წარმომადგენელი დაბინავდება, ხოლო თამაშების დასრულების შემდეგ, ის თანამედროვე საცხოვრებელ რაიონად გარდაიქმნება.

სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. მედია-სოფელი განთავსდება ლე ბურჟის კომუნაში - პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში. აქედან საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრამდე მანძილი 10 კილომეტრია.

პროექტისთვის გათვალისწინებული საერთო ფართობი 70 ჰექტარია. უშუალოდ თამაშებისთვის აიგება დაახლოებით 700 ბინა და აპარტამენტი, სადაც 2800 ჟურნალისტს განათავსებენ. კიდევ 600 ბინა მოგვიანებით - 2025 წელს ჩაბარდება. მედია-სოფელი ოლიმპიური მემკვიდრეობის ნაწილი უნდა გახდეს, ხოლო ახალი კვარტლის საცხოვრებელი ფართობის 20 პროცენტის სოციალურ საცხოვრებლად გადაცემა იგეგმება.