თომას ბახი არ მოელის, რომ რომელიმე ქვეყანა ტოკიოს თამაშებში მონაწილეობაზე უარს იტყვის

24 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი არ მოელის, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, რომელიმე ქვეყანა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

გარდა ამისა,  IOC-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ტოკიოში ყველა ათლეტს მიეცემა ასპარეზობის საშუალება, მაშინაც კი, თუ ისინი წარმოადგენენ COVID-19-ის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყანებს.

„ათლეტები ვირუსზე პასუხისმგებლები არ არიან. თუ ტესტზე უარყოფითი შედეგი ექნებათ და უსაფრთხოების რეგულაციებს ასრულებენ, მათ უნდა მიეცეთ თამაშებში მონაწილეობის საშუალება. ასევე არ მოველი, რომ ქვეყნებმა უარი თქვან. IOC-ის წევრი ყველა 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავდაჯერებული და მოლოდინებით აღსავსეა," - განაცხადა თომას ბახმა შუბის ტყორცნაში მსოფლიოს ჩემპიონ, გერმანელ იოჰან ფეტერთან ინსტაგრამ-ჩატში.