თომას ბახი: „ოლიმპიური თამაშები პოლიტიკა არ არის"

27 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშები სხვადასხვა სახის დემონსტრაციების სცენად არ უნდა იქცეს.

სექტემბერში ამერიკელმა უროს მტყორცნელმა გვენ ბარიმ IOC-ს ოლიმპიური ქარტიის და იმ წესის შეცვლისკენ მოუწოდა, რომელიც ათლეტს ოლიმპიურ სარბიელზე პოლიტიკურ, რელიგიურ თუ რასობრივ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვას უკრძალავდა. ბარის ამ განცხადებას ფართო დისკუსია მოჰყვა.

„ოლიმპიური თამაშები პოლიტიკა არ არის. IOC, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ყოველთვის პოლიტიკურად მკაცრად ნეიტრალურია.

ოლიმპიური თამაშები მოგების მიღებაზე გათვლილი არ არის. IOC შემოსავლების 90 პროცენტის რეინვესტირებას სპორტსმენებში ახდენს, განსაკუთრებით კი - განვითარებად ქვეყნებში. სახსრები ასევე მიდის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებთან, რომლებიც ათლეტებს სარბიელზე გაბრწყინების საშუალებას აძლევენ.

ოლიმპიური თამაშები - ეს პირველ რიგში სპორტია. სპორტსმენები განასახიერებენ უმაღლეს ღირებულებებს - ერთობას და მშვიდობას. ისინი გამოხატავენ გახსნილობას და ასევე ურთიერთპატივისცემას იმით, რომ სპორტულ არენებზე თუ დაჯილდოების ცერემონიაზე პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან.

თამაშების გამაერთიანებელი ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცნოთ, თუ ერთმანეთის მიმართ ყველას ექნება პატივისცემა და სოლიდარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამაშები ნაირგვარი დემონსტრაციების ასპარეზად გადაიქცევა, რომელიც დააშორიშორებს მსოფლიოს და არა გააერთიანებს მას," - განაცხადა თომას ბახმა.