ძიუდოისტთა პრაღის ევროპის ჩემპიონატი არ გადავადდება

31 ოქტომბერი 2020

ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) ხელმძღვანელის სერგეი სოლოვეიჩიკის განცხადებით, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პრაღამ 19-21 ნოემბერს უნდა უმასპინძლოს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო არ გადავადდება.

„ევროპაში, კერძოდ კი ჩეხეთში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, რამაც დაინფიცირების ახალი ტალღა გამოიწვია, EJU-ს აღმასრულებელმა საბჭომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა, - ნათქვამია EJU-ს განცხადებაში,  - პირველ ყოვლისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გამოაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოში ჩატარდება ოლიმპიური თამაშები, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ ევროპელი ათლეტები მოვამზადოთ ოთხწლეულის უმთავრესი ღონისძიებისთვის, რაც შეუძლებელია ასეთი მაღალი ევროპული დონის შეჯიბრებაში მონაწილეობის გარეშე. ამასთან ერთად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) და უნგრეთის ძიუდოს ასოციაციის ბრწყინვალე მაგალითით, რომლებმაც ახლახანს ბუდაპეშტში დიდი სლემის ტურნირი ჩაატარეს. და ბოლოს, ჩვენი ნდობის მესამე ფაქტორიც - ეს არის სოლიდარობა და ევროპის ეროვნული ფედერაციების და ეროვნული გუნდების წევრთა მაღალი დისციპლინა."

EJU-ის ხელმძღვანელი ასევე ირწმუნება, რომ ძიუდოს ევროპის კავშირი და ჩეხეთის ძიუდოს ფედერაცია, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მზად არიან ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.