ლუკა კაპანაძემ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

05 ნოემბერი 2020

ხორვატიის ქალაქ პორეჩში სტარტი აიღო  ევროპის იუნიორთა ჩემპიონატმა ძიუდოში, რომელშიც კონტინენტის 37 ქვეყანას შორის საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ჩვენი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა 66 კგ კატეგორია, სადაც კადეტებში გუნდური მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა კაპანაძე  გამოდიოდა. მან პირველი წრე გამოტოვა, მეორე-მესამე წრეში აზერბაიჯანელ და სერბ მოწინააღმდეგეებს სძლია. მეოთხედფინალში კაპანაძემ  ესტონელი ვილიარ ლიპარდი დაამარცხა, ნახევარფინალში - ნიდერლანდელი ივო ვერხორსტერტი. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყველა ბრძოლაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი იპონით დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ კაზბეკ ნაგუჩევთან.