საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით პირველი გუნდური ადგილი დაიკავა

11 ნოემბერი 2020

პორეჩის (ხორვატია) იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იქვე ევროპული მედლები გაითამაშეს 23-წლამდელმა ძიუდოისტებმა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ბრძოლაში ჩაებნენ 60, 66 და 73 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები. საქართველოს ნაკრები საწყის ორ წონაში იყო წარმოდგენილი და ორივე შემთხვევაში მედლები მოიპოვა.

60 კგ წონაში მედლებამდე გაიკვალეს გზა 23-წლამდელებში წინა ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანმა თემურ ნოზაძემ და იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის  ბრინჯაოს და 23-წლამდელებში ევროპის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ჯაბა პაპინაშვილმა. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნოზაძეს, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ კონსტანტის სიმეონიდისთვის ართმეული ვაზარის შემდეგ იპონით დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელთან შეხვედრის შესაძლებლობა დაკარგა პაპინაშვილმა - ნახევარფინალში სწორედ მომავალმა ჩემპიონ სიმეონიდისთან დამარცხდა. პაპინაშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის შანსი მიეცა, რაც იტალიელ ალესანდრო არამუსთან წარმატებით გამოიყენა კიდეც.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედალი აიღო ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანმა ბაგრატ ნინიაშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ   შეხვედრაში ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს იპონით აჯობა.

ქართველების ანგარიშზე ასევე ორი მედალია 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა იუნიორებში ევროპის ჩემპიონატის ოქრო-ვერცხლის და  მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ტატო გრიგალაშვილმა.  მომავალმა ჩემპიონმა ხუთი ორთბარძოლა ჩაატარა, ფინალში კი შვეიცარიელ ლუკას ვიტვერს მოუგო. ბრინჯაოს მედალი ერგო ვლადიმერ ახალკაცს, რომელიც იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონია. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ ტიციანო ფალკონეს იპონით აჯობა.

90 კგ წონაში ჩემპიონი გახდა ლუკა მაისურაძე. მსოფლიოს ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად ხუთჯერ გავიდა ტატამზე. მეოთხედფინალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან და ლატვიელ ალეკსეის ზარუდნევთან საქმე ოქროს ქულებამდე მიიყვანა, ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ეკუბჟონ ნაზიროვს შეხვედრის დასრულებამდე სამი წამით ადრე წმინდად მოუგო და ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შესძინა ონისე სანებლიძემ (100 კგ). კადეტებში და იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს და 23-წლამდელებში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ქართველმა ძიუდოისტმა საწყისი ორი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ, ნახევარფინალში უნგრელ ჟომბორ ვეგს ვაზარი აართვა, მაგრამ მეტოქემ მალევე იპონით უპასუხა. შედეგად სანებლიძემ ასპარეზობა მესამე ადგილისთვის გააგრძელა და ფრანგ პოლ დევოსთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელიც წუთნახევარში დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ახლოს იყო ჩემპიონატი ოქროს მედლით დაეგვირგვინებინა მძიმე წონაში. იუნიორებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება, ფინალში გავიდა და უქულოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ დამატებით დროში ოქროს ქულით დამარცხდა უნგრელ რიჩარდ შიპოჩთან.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა როგორც ვაჟთა, ისე საერთო (გოგონათა და ვაჟთა) ჩათვლაში.