თომას ბახმა ტოკიოს ოლიმპიური სოფელი მოინახულა

18 ნოემბერი 2020

იაპონიაში ვიზიტათ მყოფი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ოლიმპიურ სოფელს ეწვია.

IOC-ის პრეზიდენტს ოლიმპიურ სოფელში მიესალმნენ იაპონელი ტრიატლონისტი აი უედა და პარაბადმინტონში მსოფლიო ჩემპიონი სარინა სატომი.

ბახს მეგზურობას უწევდა ოლიმპიური სოფლის მერი, იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი საბურო კავაბუტი. სოფლის მერმა თომას ბახს 10 ათასი ათლეტისთვის და მწვრთენლისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ოლიმპიური ობიექტები აჩვენა. საგულისხმოა, რომ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების თანახმად, ოლიმპიურ სასადილოში ადგილების შეზღუდული რაოდენობაა გათვალისწინებული.  

ერთი დღით ადრე IOC-ის პრეზიდენტის და იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას შეხვედრა შედგა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარების სურვილი.