ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

20 ნოემბერი 2020

პრაღაში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

ქართველ ძიუდოისტთაგან პირველმა მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ბრინჯაოსანმა, ევროპის ჩემპიონმა და ბრინჯაოსანმა ლაშა შავდათუაშვილმა აიღო. ლაშამ საწყის შეხვედრებში პორტუგალიელი და გერმანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატების ორი ვერცხლის მედალოსანს და ევროპის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო. ქართველს ნახევარფინალშიც ტიტულიანი მეტოქე ელოდა - იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბაზილე, რომელსაც ასევე მოუგო, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა დათმო მოლდაველ ვიქტორ სტერპუსთან.

საქართველოს ნაკრებისთვის ორმაგად წარმატებული გამოდგა 81 კილოგრამ წონითი კატეგორია. ეგაა, ქართველ ძიუდოისტებს კენჭისყრაში არ გაუმართლათ -  ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი.  მაისურაძემ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მოლდაველი და  უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა და მეოთხედფინალში თანაგუნდელთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელმაც თავის მხრივ იქამდე იტალიელ  და ბერძენ  მეტოქეებს აჯობა. ქართველთა ორთაბრძოლაში გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა, მაისურაძემ კი მესამე ადგილისთვის გააგრძელა ასპარეზობა და წარმატებითაც: ბრინჯაოს ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მოუგო, სამედლო შეხვედრაში კი -ნიდელანდელ ფრენკ დე ვიტს.

თანაგუნდელთან გამარჯვების შემდეგ გრიგალაშვილმა ჩემპიონობისკენ სვლა გააგრძელა. ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და ევროპული თამაშების ჩემპიონი, ბელგიელი მათიას კასე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი 45 წამში იპონით მოუგო ევროპული თამაშების ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ბულგარელ ივაილო ივანოვს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სულ 9 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ხვალ, შეჯიბრების დასკვნით დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ 90, 100 და +100 კგ წონის ფალავნები. აღსანიშნავია, რომ ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, ამ ჩემპიონატზე  სამედიცინო კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი.