სამხრეთ კორეა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მოთხილამურეთა და სნოუბორდისტთა ასპარეზობების ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებას განიხილავს

21 ნოემბერი 2020

სამხრეთ კორეა 2024 წლის ზამთრის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩრდილოეთ კორეასთან ერთობლივად ჩატარებას განიხილავს. შესაბამისი წინადადება უკვე გაეგზავნა კანვონდოს პროვინციას, რომელმაც თავის მხრივ 2018 წელს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

ამავე პროვინციის გუბერნატორის ჩოი მუნ სუნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სამთო სათხილამურო კურორტ მასიკზე შესაძლებელია შეჯიბრებების ჩატარება სამთო თხილამურობაში და სნოუბორდში. გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონში აქტიურად ვითარდება ტურიზმი, ხოლო ინფრასტრუქტურა და მთის დამრეცები სპორტის შესაბამის სახეობებში უმაღლესი დონის ასპარეზობების ჩატარების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე მხარეები ასევე განიხილავდნენ ასპარეზობათა ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. ერთადერთი, რასაც კორეის ნახევარკუნძულზე მიაღწიეს, ეს  ქალთა ჰოკეიში ორი კორეის გაერთიანებული გუნდით ასპარეზობა და თამაშების გახსნისა და დახურვის აღლუმზე გაერთიანებული გუნდით გამოსვლა იყო.

პიონჩანგი-2018-ის შემდეგ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ასევე განიხილავდა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების და 2030 წლის საფეხბურთო მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის ერთიანი განაცხადის გაკეთებას.

სამხრეთ კორეამ ზამთრის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება წლეულს 10 იანვარს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ლოზანის 135-ე სესიაზე მიიღო.