ექვსი მედალი და გუნდური მეორე ადგილი

21 ნოემბერი 2020

საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა  პრაღის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, გუშინდელის მსგავსად, 3 მედალი მოიპოვა, ამჯერად - სამივე ბრინჯაოსი.

90 კგ კატეგორიაში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო ახალგაზრდებში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა, რომელიც ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან, სერბ  ნემანია მაიდოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალზე გადაერთო. აქ კი მას ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონ  ნიკოლოზ შერაზადაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. ბექამ მეტოქეს იპონით აჯობა და ბრინჯაო მიიღო.

იგივე გზის გავლა მოუწია ნაკრების ვეტერანს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელ, ევროპის სამგზის ჩემპიონს  ვარლამ ლიპარტელიანს. ნაკრების კაპიტანს ფინალში საასპარეზოდ ნაბიჯი დააკლდა - ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანთან, ისრაელის წარმომადგენელ პიტერ პალჩიკთან დამარცხდა. ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო, მეტოქედ კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა ჰყავდა. დამატებით დროში ვარლამმა მესამე გაფრთხილება მიიღო და უმედლოდ დარჩა.

საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსნები - ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენლებთან, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ტამერლან ბაშაევთან და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსან ინალ ტასოევთან დამარცხდნენ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ორივემ მოიგო. მატიაშვილმ ბოლო წამზე იპონით აჯობა ავსტრიელ სტეფან ჰეგის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა თუშიშვილმა კი მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანს, ჩეხ ლუკას კრპალეკს 40 წამში მოუგო.

საქართველოს ძიუდოისტებმა პრაღის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს 1, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედლით გუნდურ ჩათვლაში, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავეს. ამასთან, ჩვენი ნაკრების ლიდერებმა მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულებიც მიიღეს, რაც აუცილებელია ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად.