თომას ბახი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება

02 დეკემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური გვერდის ცნობით, IOC-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი თომას ბახი ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ IOC-ის წევრებს ეთიკის კომისიის ხელმძღვანელმა პან გი მუნმა  აცნობა. IOC-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა.

საპრეზიდენტო არჩევნები გაისად მარტში, IOC-ის ათენის 137-ე სესიაზე გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ახალი ვადით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაიკავებს, რომელსაც იაპონიის დედაქალაქი 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

თავის მხრივ IOC-ის მეცხრე პრეზიდენტი თომას ბახი პირობას დებს, რომ ის კვლავაც მთელ ძალ-ღონეს მოახმარს ოლიმპიურ მოძრაობას.

„ნასიამოვნები ვარ იმ ფაქტით, რომ სხვა კანდიდატები არ არიან, - აცხადებს თომას ბახი, -  ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაგრძელებ ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნას და ვეცდები, IOC-ის ყველა წევრის და სრულიად ოლიმპიური მოძრაობის პრეზიდენტი ვიყო."

თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სათავეში უდგას 2013 წლიდან. ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი ახალი საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს ამოიწურება. ოლიმპიური ქარტიის თანახმად, IOC-ის პრეზიდენტს პირველად 8 წლით ირჩევენ, მეორე და ბოლო ვადა კი 4 წელია.