EOC-ის საიუბილეო ასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ

03 დეკემბერი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომელშიც  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები ვირტუალურად მონაწილეობდნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ოლიმპიური მოძრაობა სერიოზულ გამოწვევებს შეეჯახა. IOC-ის პრეზიდენტის თქმით, წლის დასაწყისში ხელი მოეწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შეთანხმებას, რამაც ერთობლივი მუშაობის სფერო გააფართოვა. ბახმა ხაზი გაუსვა კრიზისიდან გამოსასვლელად სპორტის მნიშვნელობას, გაეროს, ევროკავშირის და დიდი ოცეულის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ IOC-ის ინიციატივებს.

თავის მხრივ, EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნილს ნიგარდმა  ორგანიზაციის ერთწლიანი საქმიანობა მიმოიხილა.ასამბლეაზე ასევე წარმოადგინეს 2030 წლამდე გაწერილი  განვითარების სტრატეგია, რომელიც ევროპის ყველა ეოკ-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ იქნება მიმართული. გადაწყდა, რომ 2021 წლის ოქტომბერს დანიშნული EOC-ის 50-ე გენერალური ასამბლეა უფრო ადრე - 16 აპრილს ჩატარდება. საიუბილეო ასამბლეაზე აირჩევენ EOC-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელი საბჭოს წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატი ორია - ნილს ნიგარდი და საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი სპიროს კაპრალოსი.