პარიზი-2024 გენდერულად თანასწორი პირველი თამაშები იქნება

09 დეკემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ  თამაშებზე გასათამაშებელი მედლების რაოდენობა შეამცირა.

„პარიზისთვის სამედლო ასპარეზობათა 380-მდე გაზრდას ვვარაუდობდით, მაგრამ საბოლოოდ ის 329-მდე შევამცირეთ, ეს კი ტოკიოსთან შედარებით 10 მედლით ნაკლებია. პარიზში ათლეტებისთვის 10 500-იანი კვოტა იქნება დაწესებული, რაც ტოკიოსთან შედარებით 592 სპორტსმენით ნაკლებია. პარიზში ქალ და კაც სპორტსმენთა რაოდენობა თანაბარი იქნება - 50/50 პროცენტი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, გენდერულ თანასწორობას მივაღწიეთ. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ქალები 48,8 პროცენტით იქნებიან წარმოდგენილი," - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის სპორტული დირექტორის კიტ მაკონელის ცნობით, კვოტების შემცირება ყველაზე მეტად კრივს და ძალოსნობას შეეხება: „ყველაზე მეტად ძალოსნობის და კრივის კვოტები შევამცირეთ.  ტოკიოს 196-თან შედარებით, პარიზში120 ძალოსანი იქნება, კრივში ადგილები 286-დან 252-მდე შემცირდება."

IOC ასევე იტყობინება, რომ პარიზის თამაშების პროგრამაში, კაცებში 50 კილომეტრზე სპორტული სიარულის ადგილს დაიკავებს მძლეოსნობის ერთი გენდერულად შერეული დისციპლინა, რომელიც ჯერაც შესარჩევია. კრივში კაცების ერთ წონით კატეგორიას ქალთა ერთი წონა ჩაანაცვლებს, ექსტრემალური სანიჩბოსნო სლალომის ორი ახალი დისციპლინა ჩაანაცვლებს ორ სპრინტერულ დისციპლინას. აფროსნობაში კაცთა და ქალთა 470 და ფინის კლასით კაცთა ასპარეზობას ჩაანაცვლებს სამი შერეული შეჯიბრება, მათ შორის - კაიტბორდინგში და 470 კლასში. მესამე დისციპლინა ჯერ განხილვის ეტაპზეა. სასტენდრო სროლაში „ტრაპის„ შერეულ დისციპლინას შერეული „სკიტი„ შეცვლის.

გარდა ამისა, ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად, პარიზულ პროგრამაში ოფიციალურად შევიდა სკეიტბორდინგი, სერფინგი, მეკლდეურობა და ბრეიკ დანსი.

მათ შორის, სერფინგის, მეკლდეურობის და სკეიტბორდინგის დებიუტი 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგება, ბრეიკ დანსისა - პარიზში.