პეკინი-2022 ოქროს და ვერცხლის მონეტებში აისახა

12 დეკემბერი 2020

ჩინეთში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ოქროს და ვერცხლის სამახსოვრო მონეტები გამოუშვეს. ნაკრები შედგება ცხრა ეგზემპლარისგან. მონეტის ერთ მხარეს პეკინის-2022-ის ემბლემაა დატანილი და რელიეფურად  გაფორმებული ფიფქებით და ჩინეთის დიდი კედლის ფრაგმენტით. რევერსზე გამოსახულია სპორტის ერთ-ერთი სახეობის პიქტოგრამა, შეჯიბრებათა თილისმა, ასევე ჩინურადაა დატანილი „24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები".

ოქროს მონეტის დიამეტრი 60 მილიმეტრია და 150 გრამ სუფთა ოქროსგან შედგება, ხოლო მისი ნომინალური ფასი 2 ათასი იუანია (დაახლოებით 304 დოლარი).

კოლექციაში ასევე გათვალისწინებულია 5-გრამიანი მონეტები, რომლებსაც შეზღუდული რაოდენობით - 40 ათასი ეგზემპლარით გამოუშვებენ.

ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ასევე გამოუშვა 20 ათასი 150-გრამიანი ვერცხლის მონეტა და 80 ათასი ამავე დიზაინის 15-გრამიანი სამახსოვრო მონეტა. ოქროს (30 გრ) და ვერცხლის (12 გრ) მინარევისგან დამატებით დამზადდება 10 ათასი სამახსოვრო მონეტა.