სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს ორი წლით სანქციები დაუწესა

18 დეკემბერი 2020

ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსა (RUSADA) და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) შორის დავასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რამაც უახლოეს წლებში რუსული სპორტის ბედი განსაზღვრა.

მოსკოვის ატიდოპინგური სააგენტოს მონაცემთა ბაზის მანიპულაციისთვის, WADA რუსეთისთვის ოთხწლიან მოკვეთას მოითხოვდა. საარბიტრაჟო სასამართლომ WADA-ს მხარე დაიჭირა, მაგრამ  სანქციები გაანახევრა. CAS-ის გადაწყვეტილებით, რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა ორი წლით აეკრძალათ, თავად ქვეყანას კი - დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.

სანქციები ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა და გაგრძელდება 2022 წლის 16 დეკემბრამდე. გარდა ამისა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს კვლავაც ჩამორთმეული აქვს შესაბამისობის სტატუსი და ვალდებულია, გამოძიების ხარჯების დასაფარად WADA-ს 1,27 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი რუსეთისთვის ტოკიოს 2020 წლის და პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აისახება, ასევე 2022 წლის ყატარის საფეხბურთო მსოფლიო თასზე და რიგ მსოფლიო ჩემპიონატებზე. ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთიდან მხოლოდ იმ სპორტსმენებს დაუშვებენ, რომლებსაც დოპინგთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონიათ.

საგულისხმოა, რომ სანქციები არ შეეხება ევროპის ჩემპიონატებს და ევროთასებს.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება არ ექნებათ ორი წლის განმავლობაში დაესწრონ ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატებს, თუ მათ უშალოდ არ მიიწვევენ ორგანიზატორები. ამასთან, რუსეთის ნაკრების წევრთა უნიფორმებზე მათი სტატუსი განსაზღვრული იქნება, როგორც „ნეიტრალური ათლეტი." მათ ასევე ეკრძალებათ შეჯიბრებათა ოფიციალურ ადგილებზე ეროვნული ჰიმნის შესრულება, მაგრამ აკრძალვა არ ვრცელდება ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისთვის.