IOC რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს წინააღმდეგ CAS-ის განაჩენს შეისწავლის

19 დეკემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ზედმიწევნით შეისწავლის რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (РУСАДА) წინააღმდეგ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) სარჩელთან დაკავშირებით ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას.

CAS-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა გადაწყვეტილების ტექსტი, რომლის მიხედვითაც რუსულ სპორტს 2022 წლის 16 დეკემბრამდე რიგი სანქციები დაეკისრა. კერძოდ, რუს  სპორტსმენებს არ შეეძლებათ ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეროვნული დროშით გამოსვლა, ქვეყანას კი - დიდი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.

„IOC-მა მხედველობაში მიიღო CAS-ის გადაწყვეტილება. ჩვენი ორგანიზაცია ზედმიწევნით შეისწავლის შესაბამის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ტოკიოს და პეკინის ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით მის შედეგებს. IOC შესაბამისი გადაწყვეტილების განსახორციელებლად თანმიმდევრული მიდგომის შემუშავების მიზნით კონსულტაციებს გაივლის საერთაშორისო ფედერაციებთან და საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

WADA-ს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის სპორტის მიმართ ახალი სანქციები 2019 წლის 9 დეკემბერს შემოიღო. ამგვარი განაჩენის საფუძველი გახდა დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნები, რომელთა მიხედვითაც WADA-ს სახეშეცვლილი გადაეგზავნა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 2012-2015 წლებში რუსი სპორტსმენების შემოწმების შედეგებს. დადგინდა, რომ მონაცემებზე მანიპულაცია ხდებოდა, რომლის მიზანიც იყო რუსი სპორტსმენებისთვის სასჯელის არიდება.

WADA-მ დაადგინა, რომ უცნობმა პირებმა მონაცემთა ბაზაში ცვლილებები ისე შეიტანეს, გამოვლენილ მანიპულაციებზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, 2015 წელს აშშ-ში გაქცეულ გრიგორი როდნჩენკოვს - რუსულ სპორტში დოპინგის არსებობაზე WADA-ს მთავარ ინფორმატორს. რუსული მხარე მონაცემთა ბაზის შეცვლაში მთავარ დამნაშავედ სწორედ როდჩენკოვს მიიჩნევს და საკუთარ მონაწილეობას უარყოფს.