ცნობილია პირველი სამი სახეობა, რომლებიც 2023 წლის ევროპული თამაშების ოფიციალურ პროგრამაში შევიდა

19 დეკემბერი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) და შესაბამისი სპორტული ფედერაციების გადაწყვეტილებით, 2023 წლის III ევროპული თამაშების პროგრამაში ოფიციალურად შევიდა თანამედროვე ხუთჭიდი, კანოე და ტაეკვონდო. მათ შორის, თანამედროვე ხუთჭიდს ევროპულ თამაშებზე დებიუტი ექნება.

აღსანიშნავია, რომ სამივე სახეობა, ევროპულ თამაშებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატსაც შეითავსებს და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვაც ექნებათ, რაც მულტისპორტულ ღონისძიებას დამატებით მნიშვნელობას შესძენს.

თამაშების პროგრამის წინასწარ განაცხადში სულ სპორტის 30 სახეობაა შეტანილი. EOC-ის წარმომადგენლის განცხადებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან მოლაპარაკების პროცესი და ევროპული თამაშების პროგრამის ფორმირება ახლო მომავალში დასრულდება.