ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების თარიღი განსაზღვრულია

21 დეკემბერი 2020

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) აღმასრულებელმა კომიტეტმა ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების ჩასატარებლად ვადები განსაზღვრა. ANOC-ის გადაწყვეტილებით, მულტისპორტული შეჯიბრება 2023 წლის 24-30 სექტემბერს გაიმართება. მეორე თამაშები 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ANOC-ის გეგმები შეცვალა. რაკი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადავადდა, ქვიშის თამაშების 2021 წლის კალენდარში დატოვება მიზანშეუწონლად ჩაითვალა.

ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მასპინძლის ვინაობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. კანდიდატთა განაცხადების მიღება საორიენტაციოდ მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. ANOC-ი პოტენციური ორგანიზატორებისგან ითხოვს  თამაშების ბიუჯეტის მინიმიზაციას, მონაწილეთა გენდერულ თანასწორობას, ეკოლოგიურობას.

ქვიშის სადებიუტო მსოფლიო თამაშებს 2019 წლის 12-16 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქმა დოჰამ უმასპინძლა. პირველ  თამაშებზე 97 ქვეყანას შორის საქართველო ოთხკაციანი გუნდით ქვიშის ჭიდაობაში იყო წარმოდგენილი. ჩვენმა სპორტსმენებმა დოჰაში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-7 ადგილზე გავიდნენ.