ტოკიო-2020-ის გახსნისა და დახურვის ცერემონიები გამარტივებული ფორმატით ჩატარდება

24 დეკემბერი 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები გამარტივდება. ტოკიო-2020-ის ცნობით, პროგრამის მომზადებაზე ახალი შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნულია, რომ მათი ძალისხმევა თამაშების ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებისთვის უფრო სწრაფად და ეფექტურად მოემზადონ. 

შემოქმედებითი ჯგუფის ამოცანაა შექმნას ცერემონია, რომელიც ასახავს კორონავირუსით შექმნილ ვითარებას. „ცერემონია კვლავაც დიდი დღესასწაული იქნება ათლეტებისთვის და მაყურებლებისთვის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ის ჩატარდება უფრო მოკრძალებული ფორმატით, რომელიც მოწოდებულია ასახოს თამაშების სიმარტივე და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების კვლავაც გათვალისწინების აუცილებლობა," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.