სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი 2020

მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით ჩვენს ოლიმპიელებს, სხვადასხვა თაობის სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციებისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო-ტექნიკურ პერსონალს, სპორტულ მედიას, სეოკ-ის პარტნიორებს, სპორტის გულშემატკივრებს, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო შობა-ახალი წელი.

ჩვენ, ყველამ ერთად, თანამშრომლობითა და თანადგომით, შედარებით ნაკლები დანაკარგებით გავიარეთ ურთულესი 2020 წელი, რომელმაც არსებითად  შეცვალა მსოფლიოს სპორტის დღის წესრიგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაიდო ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ფორუმი - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც უკვე 2021 წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს.

ჩვენ, ყველანი ერთად,  ოპტიმიზმით ვეგებებით 2021 წელს და  დიდი  იმედი გვაქვს, რომ მალე დავძლევთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, დავუბრუნდებით  ჩვეულ ყოველდღიურობას, განვაახლებთ აქტიურ და სრულფასოვან  სპორტულ ცხოვრებას, მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებებს, პირველ ყოვლისა კი - ტოკიოში.

ჩვენ სწორედ ახლა გვმართებს განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა, ყველა შესაძლებლობისა და რესურსის გაერთიანება საიმისოდ, რომ პირველ რიგში საფუძვლიანად მოვემზადოთ ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირებისთვის, მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია, შემდეგ კი, რაც მთავარია, წარმატებით გამოვიდეთ უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ მნიშვნელოვან ამოცანას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ოლიმპიურ 2021 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს, გამარჯვებებს!