სეოკ-ის მილოცვა

01 იანვარი 2021

დღეს, 2021 წლის პირველ იანვარს 80 წელი შეუსრულდა ქართული სპორტის თვალსაჩინო მოღვაწეს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრს, პროფესორ ჯემალ ძაგანიას.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ბატონი ჯემალი დგას ჩვენი სპორტის სამსახურში, როგორც პედაგოგი, მწვრთნელი, მსაჯი, მკვლევარი, მეცნიერი,  სპორტის სპეციალისტთა თაობების აღმზრდელი, აღიარებული ორგანიზატორი და საინტერესო  საგანმანათლებლო პროექტების ინიციატორი. ის არის ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე შექმნილი მნიშვნელოვანი წიგნების ავტორი.

ჯემალ ძაგანიას ხანგრძლივი, მრავალმხრივი და  ნაყოფიერი საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, სეოკ-ის მედალი, სპორტის რაინდის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის და დამსახურებული მწვრთნელის, ხელბურთში საერთშორისო არბიტრის წოდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს ბატონ ჯემალს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ წარმატებებს.