თომას ბახი: ექსტრაორდინარული ოლიმპიური 2021 წელი მოგველის

06 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ოლიმპიური ოჯახისადმი ვიდეო მიმართვაში  სპორტის როლზე ამახვილებს ყურადღებას, COVID-19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოს სოლიდარობისკენ მოუწოდებს და პოსკორონავირუსულ სამყაროზე საუბრობს.

„როგორი იყო 2020 წელი? ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. არაერთ გამოწვევას შევეჯახეთ. შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ჩვენ, ოლიმპიურმა საზოგადოებამ შევძელით ეს გამოწვევები შესაძლებლობად გვექცია. ჩვენი კამპანიის - «#StayStrong #StayActive #StayHealthy» დახმარებით, მსოფლიოში სპორტის როლი გავაძლიერეთ. ერთი ოლიმპიური დღის განმავლობაში ნახევარი მილიარდი ადამიანი საზოგადოებაში სპორტის როლს გაეცნო.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, ჩვენი სოციალური ცხოვრებისთვის და ეკონომიკისთვის სპორტის მნიშვნელობამ ფართო აღიარება მოიპოვა. თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გავაფორმეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO). გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და WHO-თან ერთად შევუდექით ერთობლივ კამპანიას - „ჯანმრთელობა ერთად", რომელიც ძალას იკრებს საერთაშორისო დონეზე. წლის ბოლოს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მთავრობებს აღდგენით პროგრამაში სპორტის ჩართვისკენ მოუწოდებს. მხარდაჭერა გამოხატა G20-ის ლიდერთა სამიტმაც.

ჩვენთვის ეს იქნება ძირითადი პრიორიტეტი ექსტრაორდინარულ ოლიმპიურ 2021 წელს.  ტოკიო კვლავაც რჩება ოლიმპიური თამაშებისთვის ისტორიაში ყველაზე მომზადებულ ქალაქად. მადლობას ვუხდით ჩვენს იაპონელ  მეგობრებს  და პარტნიორებს მათი სიმტკიცისთვის და თავდადებისთვის, რაც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენს ურყეობას, ჩავატაროთ ყველასთვის უსაფრთხო ოლიმპიური თამაშები. ჩვენ ვიცხოვრებთ დაუვიწყარი თამაშებით.

ეს ოლიმპიური თამაშები გახდება შუქი გვირაბის ბოლოს. ის გახდება სოლიდარობის, კაცობრიობის ერთობის დღესასწაული მთელი თავის მრავალსახეობით და ურყეობით.

მიმდინარე წლის სტარტზევე უნდა დავიწყოთ პეკინი-2022-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება. ჩვენ ასეთივე თავდადებას და სიმტკიცეს ვხედავთ ჩვენს ჩინელ მეგობრებში და პარტნიორებში. ყველა ოლიმპიური ობიექტი უკვე მზად არის ზამთრის სპორტის სახეობათა საუკეთესო წარმომადგენლებისთვის.

მეტი სოლიდარობა გვჭირდება. სოლიდარობა როგორც საზოგადოების შიგნით, ასევე საზოგადოებებს შორის. სოლიდარობის ამ გაკვეთილიდან გაკეთებული დასკვნებით, ჩვენ მომავლის გამოწვევებს შესაძლებლობებად ვაქცევთ. გავაგრძელებთ „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020"-ის რეფორმებს. მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ ამ რეფორმებში და ვიცხოვროთ დევიზით - „შეცვალე ან შეიცვალე".