დიდი ჩემპიონი დიდი გულით

11 იანვარი 2021

დავით ხახალეიშვილის ხსოვნას

ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა რიგებს 49 წლის ასაკში გამოაკლდა ლეგენდარული ძიუდოისტი, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი. მას შარშან დაუდგინდა გულის უმძიმესი დაავადება, რომელსაც თითქმის ერთი წელიწადი ვაჟკაცურად და შეუპოვრად უმკლავდებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ეს უკომპრომისო ბრძოლა მაინც ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ამაო გამოდგა დავით ხახალეიშვილის მეგობრების, სპორტის გულშემატკივრების, სახელმწიფო, სპორტული  და საქველმოქმედო ორგანიზაციების, ჩვენი და ჩვენი ბელარუსი კოლეგების თანადგომა,  ქართველი და ბელარუსი ექიმების თავგამოდება. დავით ხახალეიშვილის სახით  საქართველომ დაკარგა დიდი ჩემპიონი და გულანთებული მოქალაქე, მსოფლიოს ძიუდომ და ოლიმპიურმა მოძრაობამ - საყოველთაოდ  დაფასებული და აღიარებული სპორტსმენი, ოჯახმა - ღირსეული მეუღლე და მზრუნველი მამა.

იშვიათი ბუნებრივი ნიჭის მეოხებით და დიდი შრომის ფასად, მან სრულიად ახალგაზრდამ შეძლო სპორტული მწვერვალების დალაშქვრა, 21 წლისა კი უმაღლესი სპორტული ჯილდოს - ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სწორედ  დავით ხახალეიშვილი იყო ის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელსაც  ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. დავით ხახალეიშვილი ასევე პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

ქუთაისელი ფალავნის ბარსელონური ტრიუმფი სპორტის ისტორიაში  შევიდა, როგორც მეტად თვალსაჩინო მაგალითი იმისა,  სპორტულ ოსტატობასთან ერთად, რაოდენ მნიშვნელოვანი, ხშირად კი - გადამწყვეტია შინაგანი სიმტკიცე, შეუპოვრობა, გამარჯვების ურყევი ნება. სწორედ ამან შეაძლებინა ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ნაკლებად გამოცდილ  ძიუდოისტს ყველაზე პრესტიჟული - მძიმე წონის ფინალურ შეხვედრაში ერთ წუთში დაემარცხებინა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, უძლიერესი და მანამდე უძლეველი იაპონელი მეტოქე.

დავით ხახალეიშვილმა დიდი და სახელოვანი  გზა განვლო სპორტში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან ადრე დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ჩემპიონის გარდაცვალების გამო, გულითად სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ასევე მეგობრებს, თანაგუნდელებს, მთელ სპორტულ-ოლიმპიურ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

 

დავით ხახალეიშვილი

დაიბადა 1971 წლის 28 თებერვალს ქუთაისში. ძიუდოისტი (+95 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991, 93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპიონი (1992). ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.