ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12 იანვარი 2021

2021 წლის სეზონის გამხსნელ დოჰას მასტერსზე, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები განაწილდება, 69 ქვეყანას შორის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც არის წარმოდგენილი.

პირველ დღეს ორ - 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლებიდან საქართველოს ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ)  პირველ წრეში რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ პულიაევი ვაზარით დაამარცხა. მეორე წრეში იპონით აჯობა ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს, მაგრამ მეოთხედფინალში ოქროს ქულით წააგო ისრაელელ ბარუჩ სმაილოვთან და ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო.

მარგველაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში ყაზახეთის წარმომადგენელ  იერლან სერიხჟანოვს ორი ვაზარი აართვა და შედეგად იპონით გაიმარჯვა, გადამწვეტ შეხვედრაში კი მოლდოველ დენის ვიერუს დამატებით დროში ვაზარით მოუგო.