ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

12 იანვარი 2021

დოჰაში მიმდინარე მასტერსის მეორე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი უმაღლესი სინჯის მედლით გაიზარდა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაება და ოქროს ქულით მოუგო უნგრელ ატილა უნგვარს. მეორე შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან; მეოთხედფინალში ვაზარით დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი, ნახევარფინალში კი ჯერ ვაზარი აართვა და შემდეგ იპონით დაამარცხა კორეელი სუნგო ლი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში გრიგალაშვილი ნიდერლანდელ  ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდა. მასტერსის მომავალმა გამარჯვებულმა მოწინააღმდეგეს ჯერ ვაზარი აართვა, ორთაბრძოლის დასრულებამდე 21 წამით ადრე კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

ერთი დღით ადრე დოჰას ტატამზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ).