EOC-მა 2021 წლის პირველი სხდომა ჩაატარა

15 იანვარი 2021

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი საბჭოს 2021 წლის პირველი ვირტუალური სამუშაო შეხვედრისას განიხილეს III ევროპული თამაშების და სხვა მულტისპორტულ ღონისძებათა სამზადისი, ასევე 2030 წლამდე EOC-ის განვითარების სტრატეგია.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში და მსოფლიოში გართულებული მდგომარეობის მოწმენი გავხდით, რამაც ახალ შეზღუდვებთან მიგვიყვანა, - ამბობს EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგარდი,- ვაქცინის გამოჩენის წყალობით გაზაფხულზე და ზაფხულში მოგზაურობის ახალი შესაძლებლობები მოგვეცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ივლისში ყველაფერი დალაგდება და ოლიმპიური თამაშები ჩატარდება."

კორონავირუსის პანდემიამ გაიჟღერა EOC-ის 50-ე საიუბილეო გენერალური ასამბლეისთვის მზადების კონტექსტშიც, რომელსაც 16-17 აპრილს ათენი უმასპინძლებს. სხვა საკითხებთან ერთად, ასამბლეაზე ტოკიოს თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის და მათი დელეგაციებისთვის დახმარებაზე იმსჯელებენ.

EOC-ის გენერალურმა მდივანმა რაფაელ პანოციმ შეხვედრის მონაწილეებს EOC-ის ცენტრალური ოფისის მუშაობა გააცნო. პანოციმ ხაზი გაუსვა 2023 წლის ევროპის თამაშების ოფიციალურ პროგრამაში ქვიშის ხელბურთის, კანოეს, კარატეს, თანამდეროვე ხუთჭიდის და ტაეკვონდოს ჩართვას.

„გვახარებს, რომ ტრადიციული ოლიმპიური დისციპლინების და ახალი სახეობების შერწყმას ვახერხებთ, - აღნიშნავს პანოცი, - ასევე მუდმივ დიალოგში ვართ კიდევ 15 ევროპულ ფედერაციასთან. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ევროპული თამაშების გაფართოებულ პროგრამას გამოვაცხადებთ."

EOC-ის გენერალური მდივანი ასევე დასძენს, რომ ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა. სავარაუდოდ ITA დაკავდება ევროპის ზამთრის და ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე და ევროპულ თამაშებზე დოპინგ-სინჯების შერჩევით.

სხდომაზე წარმოადგინეს EOC-ის 2030 წლამდე  განვითარების განახლებული სტრატეგია, ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა კი სხდომის მონაწილეებს გააცნეს ფესტივალის სპორტული პროგრამის შენარჩუნების გეგმები.