საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთის გრან პრიზე

17 იანვარი 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელსაც შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საერთაშორისო სარბიელზე არ უასპარეზია,  ერთწლიანი იძლებითი პაუზის შემდეგ ხალიჩას ნიცაში, საფრანგეთის გრან პრიზე დაუბრუნდა.

ქართველთა ნაკრები ფრანგულ ხალიჩას 10-კაციანი გუნდით ეწვია და მათგან ცხრამ მედალი მოიპოვა: აქედან 4 მედალი ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სინჯისაა.

ჩემპიონები გახდნენ ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ოქროს მედლამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ დავით ტლაშაძეს (74 კგ) და გივი მაჭარაშვილს (97 კგ). ბრინჯაოს მედლებია ბექა ბუჯიაშვილის (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (65 კგ) და ირაკლი მწითურის (92 კგ) ანგარიშზე.

სამეულს მიღმა მხოლოდ დათო მარსაგიშვილი (86 კგ) დარჩა. ბრინჯაოს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა - რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და ტურნირი მეხუთე ადგილით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.