ტოკიოს თამაშებზე გულშემატკივართა დასწრების საკითხი გაზაფხულზე გაირკვევა

21 იანვარი 2021

COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულისთვის გადავადებული ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე გულშემატკივართა დაშვებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს ორ თვეში მიიღებენ.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის იოშირო მორის თქმით, დღეს ყველაზე დიდ მღელვარებას იწვევს მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება. მაგალითად, წლის დასაწყისში იაპონიის დედაქალაქში დასნეულებულთა რაოდენობის შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ახლა თამაშების მასპინძლები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ იმას, თუ რა ფორმატით ჩატარდება ოლიმპიური თამაშები.

დღეისათვის გაყიდულია თამაშებზე დასასწრები 4,48 მილიონი ბილეთი (შარშან, წლის ბოლოს ბილეთების დაბრუნების კამპანია დაიწყო, რა დროსაც იაპონიის 810 ათასმა მაცხოვრებელმა ბილეთები უკან დააბრუნა).ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და იაპონიის ხელისუფლება მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს ვერ მოძებნიან, ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტმა შეიძლება შესწორებები შეიტანოს ოლიმპიურ შეჯიბრებებზე მაყურებელთა დაშვების გეგმებში.