რიჩარდ პაუნდი: „IOC ტოკიოს თამაშების გაუქმებას არ აპირებს"

22 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გავლენიანი წევრის, რიჩარდ პაუნდის განცხადებით, IOC პანდემიის გამო გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ აპირებს, მაგრამ, იმავდროულად, თამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარებას არ გამორიცხავს.

„IOC-ს ოლიმპიური თამაშების გაუქმების განზრახვა არ აქვს," - აცხადებს პაუნდი და ასევე დასძენს, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეკავება ვერ მოხერხდა, მაშინ „მიზანშეწონილი იქნება თამაშების უმაყურებლოდ ჩატარება."

„საკითხი ასე დგას: ეს სავალდებულოა თუ სასურველი. რა თქმა უნდა, სასურველია თამაშების მაყურებელთა თანდასწრებით ჩატარება, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის,"- განმარტავს პაუნდი.

IOC-ის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ დღეს არავის შეუძლია თამაშების არსებული გეგმისამებრ ჩატარების გარანტიის მოცემა.