თომას ბახის ვიდეო-კონფერენცია

22 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები აუცილებლად ჩატარდება. აღინიშნა, რომ მომავალი 14 თვე უაღრესად დატვირთული იქნება, რადგანაც წინ გველოდება ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რისთვისაც, პანდემიის მუხედავად, აქტიურად ემზადებიან როგორც მასპინძელი ქალაქები, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და მათი სპორტსმენები. ტოკიოშიც და ჩინეთშიც ძალისხმევას არ იშურებენ, რათა თამაშები  უსაფრთხო და დაცულ გარემოში ჩატარდეს. მალე გამოიცემა სპეციალური სახელმძღვანელო  გზამკვლევი, სადაც თავს მოიყრის ყველა აუცილებელი ინფორმაცია მომავალი ოლიმპიური  თამაშების შესახებ.

თომას ბახის თქმით, სპორტსმენთა ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, მათი დელეგაციების წევრები ზედმიწევნით გაითვალისწინებენ ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ადგილობრივი მთავრობებისთვის კი ვაქცინაციის პროცესში სპორტსმენები  პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან.

27 იანვარს გასამართ IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ, შეიმუშავებენ რეკომენდაციების პაკეტს პანდემიის და პოსტპანდემიური პერიოდისთვის, რომელსაც შემდგომ დაამტკიცებს IOC-ის სესია.  IOC მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უფრო ქმედითი დახმარება გაუწიოის ეოკ-ებს პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის დაძლევაში.

თომას ბახმა ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირებთან დაკავშირებით IOC-ს რეგულარული კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, შესაბამისად, აუცილებელი ცვლილებები შეაქვთ საკვალიფიკაციო სისტემაში, ეს პროცესი კი ახლო მომავალში დასრულდება.

ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც.