IOC ტოკიოს თამაშების გაუქმების სპეკულაციებზე დროს არ დახარჯავს

28 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ IOC ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების სპეკულაციებზე დროს არ კარგავს.

„ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თამაშებისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა ვითარება იქნება. ამის გაკეთება ყველაზე მოწინავე მეცნიერებსაც კი არ შეუძლიათ. ამას არაერთ სპეკულაციასთან მივყავართ, რაც ათლეტთა მომზადებას ვნებს. არსებობს თამაშების გაუქმების სპეკულაციები. ვიღაც ტოკიოს თამაშების სხვა დროისთვის გადატანას გვთავაზობს. ისმის თამაშების სხვა ქალაქში გადატანის წინადადებებიც. ასეთ მოკლე დროში ამის გაკეთება არ შეიძლება, - აცხადებს თომას ბახი, - ჩვენ ამ სპეკულაციებზე დროს და ძალას არ ვკარგავთ. თამაშების გახსნის ცერემონიაზე ვართ მომართულები. იმაზე ვმუშაობთ, თუ როგორ ჩატარდება თამაშები და არა იმაზე, ჩატარდება თუ არა. COVID-19-ის მიმართ კონტრზომები ნებისმიერ შესაძლო სცენარს უნდა ითვალისწინებდეს. ახლა ადრეა იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი კონტრზომები იქნება საჭირო თამაშებისას. მოთმინებას და გაგებას ვითხოვთ. მალე გამოვუშვებთ ეგრეთ წოდებულ წესების და წინადადებების კრებულს, რომელიც განმარტავს თუ, როგორ დავიცვათ თავი."

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც იაპონიის მთავრობამ თამაშების გაუქმების გადაწყვეტილება ფარულად მიიღო და რომ ოლიმპიური თამაშების 2032 წელს ჩატარებაზე გადაერთო.

შესაბამისი ინფორმაცია უმალ უარყო იაპონიის მთავრობამ. კერძოდ, ტოკიოს თამაშების ჩატარების საქმეთა მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზი გაუსვა, რომ იაპონიის მთავრობა, ორგანიზატორები და ტოკიოს მთავრობა უმთავრესი ღონისძიებისთვის მზადებას კვლავაც ჩვეული რიტმით აგრძელებენ.