პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მისიების ხელმძღვანელთა ვებინარი

02 თებერვალი 2021

1-2 თებერვალს  გაიმართა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მისიების ხელმძღვანელთა ვებინარი.

ვებინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა  სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

სოკ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზამთრის 2022 წლის თამაშები  ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ღონისძიება იქნება, რომელიც  მსოფლიოს გააერთიანებს მშვიდობის, სოლიდარობისა და მეგობრობის სულისკვეთებით.

 „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, სპორტსმენთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. პეკინი  ფაქტიურად უკვე მზად არის თამაშების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვართ, ჩინეთი მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცული თამაშების ჩატარებას. საორგანიზაციო კომიტეტი პანდემიის პერიოდში ზედმიწევნით დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ართმევს თავს სხვადასხვა საორგანიზაციო გამოწვევებს. ყველა დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ეს გვაძლევს გარანტიას ვიფიქროთ, რომ სპორტსმენებს ყველა აუცილებელი პირობა შეექმნებათ საუკეთესო გამოცდილების მისაღებად. ჩვენ მზად ვართ უსაფრთხო თამაშების ჩასატარებლად, თუმცა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოგვიწევს ახალ გარემოსთან შეგუება. მსურს მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო კომიტეტს, ეოკ-ებს იმ თავდადებული შრომისთვის, რაც წარმატებული თამაშების საწინდარია" - განაცხადა თომას ბახმა.

 მისიების ხელმძღვანელთა ვებინარზე წარმოადგინეს სხვადასხვა პრეზენტაციები, მათ შორის - აკრედიტაციის, სპორტული განაცხადების წარდგენის, ოლიმპიურ  სოფელში სპორტსმენთა დაბინავებისა და კვების, სამედიცინო მომსახურების, დოპინგ-კონტროლის, სპორტული ღონისძიებების, დელეგაციების წევრთა ტესტირების საკითხებზე.

ვებინარში მონაწილეობდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2022 წლის 4-20 თებერვალს და მასში სპორტის  7 სახეობის 15 დისციპლინაში 2892 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშდება მედლების 109 კომპლექტი.