ჯონ კოუტსის მოსაზრებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 100-პროცენტიანი ალბათობით ჩატარდება

08 თებერვალი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ავსტრალიელი ვიცე-პრეზიდენტის ჯონ კოუტსის მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წლეულს ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 100-პროცენტიანი ალბათობით ჩატარდება.

„ეს რთულია, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ  ტოკიოში თამაშები  ჩატარდება, - აცხადებს კოუტსის და თამაშების კიდევ გადავადების ალბათობას გამორიცხავს,- IOC, თამაშების ორგანიზატორები, იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ადმინისტრაცია თამაშების ჩატარების ურყევ ნებას ავლენენ შარშან თებერვალში პანდემიის გავრცელების დღიდან. ჩვენ შევინარჩუნეთ სიმტკიცე, ვერ ვხედავთ  ვერანაირ წინაღობას."

მაყურებლის გარეშე თამაშების ჩატარების შესაძლებლობაზე, კოუტსი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი გეგმა განიხილება, თუმცა მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება მარტში ან აპრილში მიიღონ.