ტოკიო-2020-ის მონაწილეები ტესტირებას ოთხ დღეში ერთხელ გაივლიან

11 თებერვალი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული წესების თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებმა ოთხ დღეში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

აღნიშნულია, რომ პისიარ-ტესტირების პერიოდულობა სპორტის სახეობაზე და შეჯიბრების განრიგზე იქნება დამოკიდებული. შემოწმებები ჩატარდება ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალიზებულ ლაბორატორიებში. იმ შემთხვევაში, თუ ათლეტი სოფლის მიღმა იქნება დაბინავებული, მას ანალიზების ჩასაბარებლად, საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით სარგებლობა მოუწევს. ტესტირების პასუხების გაგება შესაძლებელი იქნება სმარტფონებში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციების დახმარებით.

ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დამატებითი აპლიკაციის მეშვეობით პოტენციური რისკის თაობაზე დაუყოვნებლივ მოხდება სხვა ათლეტების ინფორმირება. შესაბამის აპლიკაციას იაპონიაში შარშან ზაფხულიდან იყენებენ, რაც სავალდებულო იქნება ტოკიოს თამაშებზე ჩასულებისთვისაც.