ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელის გადადგომის გადაწყვეტილებას IOC პატივს სცემს

12 თებერვალი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC პატივს სცემს, სექსიზმის ბრალდებით ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, იოშირო მორის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას.

„პრეზიდენტ იოშირო მორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას IOC პატივს სცემს და ესმის ის მიზეზები, რამაც მას ამისკენ უბიძგა. ამავდროულად გვსურს მადლობა გადავუხადოთ გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, - მორის დახმარებით ტოკიო ყველაზე მომზადებულ ოლიმპიურ დედაქალაქად იქცა. IOC უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების უზრუნველსაყოფად მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს მის მემკვიდრესთან."

იოშირო მორიმ თანამდებობა პარასკევს სკანდალის ფონზე დატოვა. საქმე ის არის, რომ გასულ კვირას იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მორიმ განაცხადა, ქალთა ფართო მონაწილეობით სხდომები ხანდახან  ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ ხანს გრძელდება. მისი თქმით, ისინი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გახმოვანებას თავიანთ  მოვალეობად მიიჩნევენ. ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ასეთი სხდომები დროში როგორმე შეიზღუდოს.

იოშირო მორის ამ სიტყვებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც იაპონიაში, ისე მის მიღმა, რასაც მორის ბოდიში მოჰყვა: „ბოდიშს ვიხდი შეუფერებელი ნათქვამითვის. ოლიმპიური თამაშების სამზადისში წინაღობა არ უნდა გავხდე. ახლა მთავარია  თამაშების წარმატებით ჩატარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ თამაშებისთვის სამზადისი ჩემი მონაწილეობის გარეშე უკეთ წარიმართება."

ტოკიო-2020-ის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს IOC: „IOC კვლავინდებურად ერთგულია ტოკიოში უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარებისა. IOC მიესალმება იმ ფაქტს, რომ საორგანიზაციო კომიტეტი თანმიმდევრული იქნება ახალი პრეზიდენტის გამოსავლენ პროცედურაში."