საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიის დამარცხებით ფლეი-ოფი გაინაღდა

17 თებერვალი 2021

როტერდამის საცურაო ცენტრში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა ჩაატარა და მორიგი ორი ქულა ჩაიწერა.

ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიის გუნდი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე - 12:8 დაამარცხეს და ფლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ფლეი-ოფში ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც  შემდეგ ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 4 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 18 თებერვალს, დასკვნით ტურში ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს შეხვდება.

სატურნირო თვალსაზრისით, საქართველო-მონტენეგროს შეხვედრა არაფერს ცვლის. მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით გადის, საქართველო კი, წარუმატებლობის შემთხვევაშიც, მესამე ადგილს შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან შეხვედრას ფორმალური დატვირთვა უფრო აქვს, საქართველოს ნაკრები, როგორც ამას ნაკრების მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოევიჩი აღნიშნავს, ბოლომდე იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო სამი ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.