ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი მამუკა კორძაია ვერცხლის მედალს მიიღებს

18 თებერვალი 2021

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციიდან (ANOC ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის სახელზე გამოგზავნილი  ოფიციალური წერილის თანახმად, ANOC-ის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით, +90კგ წონით კატეგორიაში ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ჩემპიონს, ირანელ  მოჭიდავეს პუია რაჰმანის ანტისადოპინგო წესების დარღვევის  გამო ჩამოერთვა ოქროს მედალი. შესაბამისად, ამ თამაშების  ბრინჯაოს მედალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი მამუკა კორძაია შედეგების ცხრილში ერთი საფეხურით აინაცვლებს და ვერცხლის მედალს მიიღებს. 

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშები გაიმართა კატარის დედაქალაქ  დოჰაში, 2019 წლის 12-16 ოქტომბერს. თამაშებში სპორტის 13 სახეობის 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1200 ზე მეტი სპორტსმენი  მონაწილეობდა. საქართველო სპორტის ერთ სახეობაში - ქვიშის ჭიდაობაში 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.  თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მამუკა კორძაია (+90) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.