ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 თებერვალი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ ოლიმპიურ საკითხთა ყოფილი მინისტრი, ციგურებით რბენაში ალბერვილის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი სეიკო ჰასიმოტო დაინიშნა.

IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის აზრით, სეიკო ჰასიმოტოს დიდი ოლიმპიური გამოცდილება აქვს და იდეალურად შეეფერება ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჰასიმოტოს დანიშვნას მხურვალედ მიესალმება.

 „მას დიდი ოლიმპიური გამოცდილება აქვს. მოგებული აქვს მედლები, შვიდჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში, არაერთხელ ხელმძღვანელობდა იაპონიის დელეგაციებს, ამიტომაც, ის იდეალურად შეეფერება ახალ თანამდებობას. ის ათლეტებზე იზრუნებს. სეიკო ჰასიმოტოს ასევე შეეძლება გამოიყენოს თავისი მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება, რაც ტოკიოში უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტად ქალბატონის დანიშვნა გენდერული თანასწორობის საკითხთან მიმართებით, ძლიერი და მეტად მნიშვნელოვანი სიგნალია. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ში, IOC-ის რეფორმების პროგრამაში და ოლიმპიურ მოძრაობაში განვიხილავდით," - განაცხადა თომას ბახმა.

ჰასიმოტოს წინამორბედმა, იოსირო მორიმ თანამდებობა 14 თებერვალს სკანდალის ფონზე დატოვა. კერძოდ, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მორიმ განაცხადა, რომ ქალთა ფართო მონაწილეობით სხდომები ხანდახან  ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ ხანს გრძელდება. ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ ასეთი სხდომები დროში როგორმე შეიზღუდოს.

იოშირო მორის ეს ნათქვამი საზოგადოებაში სექსისტურ განცხადებად შეფასდა და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც იაპონიაში, ისე მის მიღმა, რასაც მორის ბოდიში და გადადგომა მოჰყვა.