საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა, მაგრამ ფლეი ოფისთვის ემზადება

18 თებერვალი 2021

როტერდამში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ და ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს დაუპირისპირდა და 9:11 დამარცხდა. სატურნირო თვალსაზრისით, საქართველო-მონტენეგროს შეხვედრა არაფერს ცვლიდა. მეტოქე ნებისმიერ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით გადიოდა, საქართველო კი, წარუმატებლობის შემთხვევაშიც, მესამე ადგილს ინარჩუნებდა.

 საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა A ჯგუფში 4 ქულა დააგროვა, მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში ითამაშებს. მეოთხედფინალში საქართველოს მომავალი მეტოქე B ჯგუფში ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო სამი ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.