თემურ ნოზაძემ თელ ავივში ვერცხლი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა - ბრინჯაო

18 თებერვალი 2021

თელ ავივის გრან სლემზე, რომელსაც ხუთი კონტინენტის 60 ქვეყნის 422 ძიუდოისტი ეწვია, საქართველოს ნაკრებიც არის წარმოდგენილი.

შეჯიბრების პირველი დღე ჩვენი გუნდისთვის 2 მედლით დასრულდა.

უმსუბუქეს წონაში (60 კგ) მოსაპარეზე თემურ ნოზაძემ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქამდე კი ბრაზილიელი, თურქი, ბრიტანელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა. 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნოზაძე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოის დაუპირისპირდა და ვაზარიც აართვა, მაგრამ შეხვედრის შუაწელში მეტოქემ წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

გრან სლემის პირველი დღე შედეგიანი გამოდგა ეთერ ლიპარტელიანისთვისაც (57 კგ). საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა თელ ავივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იუნიორებში მსოფლიოს და ევეროპის ჩემპიონი, ასევე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალში მასპინძელ ტიმნა ნელსონ ლევისთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა. მესამე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანმა პოლონელი ჯულია კოვალჩჟიკი დაამარცხა.