საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ ავივის გრან სლემი 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

20 თებერვალი 2021

თელ ავივის გრან სლემის დასკვნითი დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა.

იუნიორებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ფინალამდე დაამარცხა ისრაელელი, გერმანელი, იტალიელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონს ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდა და ვაზარით მოუგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანმა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც მეოთხედფინალში წაგების შემდეგ ბრინჯაოსთვის ჯერ იტალიელი მეტოქე დაამარცხა და ბოლოს კი იპონით მოუგო აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს.

ქართული გამოდგა 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალი, სადაც ილია სულამანიძის და ონისე სანებლიძის გზები გადაიკვეთა. იპონით გამარჯვება სულამანიძეს დარჩა. თანაგუნდელთა გზები მძიმე წონაშიც გადაიკვეთა. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილს ნახევარფინალში შეხვდა და სამი გაფრთხილებით წააგო. თუშიშვილმა ასპარეზობა ბრინჯაოს ფინალში გააგრძელა და წარმატებითაც - ბელარუსი ალექსანდრ ვახავიაკი იპონით დაამარცხა.  თანაგუნდელთან გამარჯვების შემდეგ, ზაალიშვილმა ევროპის მოქმედ  ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელს ტამერლან ბაშაევს ეფექტური გდებით წმინდად მოუგო და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ტურნირის პირველ დღეს კი ვერცხლის მედალს დაეუფლა თემურ ნოზაძე (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ, საქართველოს ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს, კაცთა შორის კი  საუკეთესო შედეგი აჩვენეს.