დავით ხახალეიშვილი - 50

28 თებერვალი 2021

დღეს, 28 თებერვალს 50 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ ქართველ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მრავალი სხვა დიდი ტურნირის გამარჯვებულს და პრიზიორს დავით ხახალეიშვილს. სამწუხაროდ, დავითი ვერ მოესწრო თავის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს - გულის ურთულესი ოპერაციის შემდეგ,  2021 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა.

სახელოვანი ჩემპიონის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმში შეკრებილებმა პატივი მიაგეს დავით ხახალეიშვილის ხსოვნას, გაიხსენეს მისი სპორტული მიღწევები, ბარსელონაში აღებული ოლიმპიური ოქროს მედალი, ფინალურ შეხვედრაში უძლიერეს იაპონელ მეტოქესთან ბრძოლაში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვება. აღინიშნა, რომ დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენი იყო, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. ის იყო პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

საიუბილეო ღონისძიებაზე მოეწყო ცნობილი სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის მიერ დავით ხახალეიშვილზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, გამოიფინა სახელოვანი ძიუდოისტის მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლები, სპორტული ცხოვრების ამსახველი ფოტოები. საიუბილეო თარიღს მიეძღვნა სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კონკურსის - „ქართული სპორტის ლეგენდები" გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, ასევე ქალაქის პირველობა კადეტ ძიუდოისტთა შორის.

 სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ცნობილი ქუთაისელი ტყვიის მსროლელი, ორგზის ოლიმპიელი ნინო უჩაძე, ინტელიგენციის წარმომადგენლები, დავით ხახალეიშვილის მეგობრები და გულშემატკივრები.

საღამოს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე.