თომას ბახი IOC-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

10 მარტი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 137-ე სესიის უმთავრესი მოვლენა IOC-ის პრეზიდენტის არჩევნები იყო. მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს იყრიდა ერთადერთი კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი თომას ბახი. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. თომას ბახის ახალი, ოთხი წლის ვადით არჩევას 93 დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი ერთი იყო. საგულისხმოა, რომ სესიისთვის ათენს უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, სესიის ონლაინ-ფორმატში ჩატარება გადაწყდა.

„ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ, - ამბობს ბახი, - ყოველივე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რა რეფორმები და სირთულეები გამოვიარეთ. მინდა IOC-ს კვლავ ჩავუდგე სათავეში ჩემი წინასაარჩევნო დევიზის შესაბამისად - „ერთობა მრავალფეროვნებაშია" და ვიყო ყველა თქვენგანის პრეზიდენტი. ეს ვალდებულება ეხება ჩემს მეორე და დასკვნით ვადას. ჩემი კარი და გული ღიად რჩება თითოეული თქვენგანისთვის. მინდა წინ ვიყუროთ და დიდ მიზნებს მივაღწიოთ პოსტკორონულ მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი ოლიმპიური დევიზით - "სწრაფად, მაღლა, ძლიერად."

67 წლის თომას ბახი IOC-ის პრეზიდნეტად 2013 წელს ბუენოს აირესში რვა წლის ვადით აირჩიეს. გერმანელმა ამ თანამდებობაზე ბელგიელი ჟაკ როგე ჩაანაცვლა.

თომას ბახი დაიბადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ვიურცბურგში. უმაღლესი იურიდიული განათლება ადგილობრივ უნივერსიტეტში მიიღო. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.

ახალგაზრდობაში წარმატებით მისდევდა ფარიკაობას და 1970-1980-იან წლებში გფრ-ს ნაკრების ღირსებას იცავდა. მისთვის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურში მოპოვებული ვერცხლის მედალი. შემდგომ წლებში მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, ყველაზე დიდ წარმატებას კი მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე რაპირით გუნდური ჩემპიონობით მიაღწია.

აქტიური სპორტული ცხოვრების დასრულების შემდეგ თომას ბახი ბიზნესის და სპორტის ფუნქციონერის კარიერას შეუდგა. 1981 წელს ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ათლეტთა კომისიის დამფუძნებელი წევრი გახდა, მომდევნო წელს კი გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის წევრი.

1991წელს თომას ბახი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა, ხუთ წელიწადში მისი აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 2000 წელს კი- სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე იყო სხვადასხვა კომისიის წევრი.

თომას ბახის დიდი ძალისხმევით 2006 წელს გერმანიის სპორტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა - ამ ქვეყნის სპორტის კონფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შერწყმით 20 მაისს შეიქმნა გერმანიის ოლიმპიური სპორტული კონფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტად სწორედ ბახი აირჩიეს.

წლების განმავლობაში სპორტულ სამყაროში მოპოვებული ნდობის დამსახურებით, 2013 წელს თომას ბახი სოკ-ის პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატთა შორის დასახელდა. 2013 წლის 10 სექტემბერს ბუენოს აირესში, სოკ-ის 125-ე სესიაზე თომას ბახი ხმათა უმრავლესობით ორგანიზაციის მეცხრე პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, ბახი გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ვისაც სოკ-ის პრეზიდენტობის პატივი ხვდა წილად.

ახლადარჩეულმა სოკ-ის პრეზიდენტმა მიზნად დაისახა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის საგანაცხადო პროცესში ცვლილებების შეტანა. მისი აზრით, საგანაცხადო პროცესი „ძალზე ბევრს, ძალიან ადრე" ითხოვდა. აუცილებელი გახდა რეფორმების გატარება. შედეგად, 2014 წელს სოკ-ის 127-ე სესიაზე მიიღეს რეფორმების ერთგვარი კრებული, რომელიც ცნობილია როგორც „დღის წესრიგი 2020".