ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა!

11 მარტი 2021

დოჰაში მიმდინარე ATP-250-ის ტურნირზე საქართველოს პირველი და მსოფლიოს 42-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის 20-გზის ტრიუმფატორ, ATP რეიტინგის მეექვსე ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მეოთხედფინალში შეხვდა და სამ სეტში 3-6, 6-1, 7-5 დაამარცხა. ეს არის ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება ნიჭიერი ქართველი ჩოგბურთელისა, რომელიც, იმედია, გააგრძელებს სარეიტინგო ქულების მოგროვებას და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიასაც მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ ფედერერი 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს სწორედ დოჰას ტურნირით დაუბრუნდა და ასპარეზობაში  მეორე წრიდან ბრიტანელ  დანიელ ევანსთან მატჩით ჩაება.

ბასილაშვილს ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც თავის მხრივ, კანადელ  დენის შაპოვალოვს მოუგო.