ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის

21 მარტი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,ხუთმხრივ ფორმატში ჩატარებული ონლაინ-შეხვედრის შედეგად გადაწყვიტა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.

„ამგვარი გადაწყვეტილება პირველ რიგში პანდემიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით არის განპირობებული," - განაცხადა ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა ტამაიო მარუკავამ. მისი განმარტებით, სპორტულ არენებზე თავად იაპონელ  მაყურებელთა დასწრების საკითხი აპრილში გადაწყდება.

მინისტრი ასევე დასძენს, რომ ტოკიოს საორგანიზაციო კომიტეტი უცხოელ გულშემატკივრებს ბილეთებში გადახდილ თანხას აუნაზღაურებს.

ტამაიო მარუკავასთან ერთად ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის(IPC) პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი, ტოკიოს გუბერნატორი იურიკო კოიკე და ტოკიო-2020-ის პრეზიდენტი სეიკო ჰასიმოტო.

ამ დროისთვის დაახლოებით 4,5 მილიონი ბილეთია გაყიდული. მათ შორის, დაახლოებით 1 მილიონი ბილეთი უცხოელ გულშემატკივრებს აქვთ შეძენილი.

„იაპონიაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება კვლავაც რთულია. იზრდება სხვადასხვა შტამების რიცხვი და საერთაშორისო მოგზაურობებზე მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება. პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ იაპონია თამაშების დროს უცხოელების შემოშვების გარანტიის გაცემას შეძლებს, ძალზე მცირეა," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით უფრო უკეთ შეძლებენ თამაშების მონაწილეთა და თავად იაპონიის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.