ტოკიო-2020 საზღვარგარეთ მცხოვრებ მოხალისეთა შეზღუდული რაოდენობის დაშვებას განიხილავს

24 მარტი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის  ტოშირო მუტოს განცხადებით, ზაფხულისთვის დაგეგმილ თამაშებზე შეიძლება, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოხალისეთა შეზღუდული რაოდენობა დაუშვან. საუბარია იმ მოხალისეებზე, რომელთა უნარებიც აუცილებელია თამაშების წარმატებით ჩასატარებლად.

„სამწუხაროდ, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ.  საკითხის შემდგომი გადავადება დიდ  არეულობასთან მიგვიყვანს," - აღნიშნავს მუტო.

კერძოდ, მუტო განმარტავს, რომ დღესდღეობით საზღვარგარეთ ცხოვრობს დაახლოებით 2,3 ათასი მოხალისე, რომელთა მოზიდვაც თავიდანვე იგეგმებოდა, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საორგანიზაციო კომიტეტმა უცხოეთიდან მოხალისეთა დაშვებაზე უარი თქვა.

შაბათს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხუთმხრივ ფორმატში ჩატარებული ონლაინ-შეხვედრის შედეგად გადაწყვიტა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უცხოელი გულშემატკივრის გარეშე ჩატარდება.