საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან სლემის მეორე დღე სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

27 მარტი 2021

თბილისის გრან სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა ორ წონაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თბილისურ ტატამზე ერთგვარი დუბლი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესრულდა - ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაება.მეოთხედფინალამდე ეგვიპტელი და კუბელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე კი რუს იარცევთან დამარცხდა და რეპეშაჟზე გადაერთო. ლაშამ აქ უზბეკი მეტოქე ჩამოიცილა გზიდან, ბრინჯაოს ფინალში კი კოსოვოელ აკილ გაიკოვს მოუგო.

ასევე მეორე წრიდან შეუდგა ასპარეზობას მამიაშვილი. ქართველმა ჯერ უზბეკ, შემდეგ ბულგარელ მეტოქეებს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში მონღოლ ძიუდოისტთან სამი გაფრთხილებით წააგო. მამიაშვილმა რეპეშაჟში მედლისთვის ბრძოლის შანსი ბოლომდე გამოიყენა. ჯერ სომხეთის წარმომადგენელი დაამარცხა, შემდეგ კი იარცევი დააგდო იპონზე, ვისთანაც შავდათუაშვილი დამარცხდა.

ასევე ბრინჯაოს მედალია მოპოვებული 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. აქ წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა.

მომავალი პრიზიორი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. ყატარელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში ბელგიელ სამი ჩუჩთან დამარცხდა. ბრინჯაოს ფინალში გადასულმა გრიგალაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალან ხუბეცოვს ოქროს ქულით მოუგო.

ერთი დღით ადრე ჩემპიონი გახდა თემურ ნოძაძე (60 კგ), ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).