თბილისური გრან სლემი საქართველოს ჰიმნით და გუნდური პირველი ადგილით დასრულდა

28 მარტი 2021

თბილისის გრან სლემი საქართველოს ნაკრების მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ოქროს მედლით დასრულდა.

იუნიორებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონმა გელა ზაალიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში მასზე ბევრად გამოცდილ, ლონდონის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში ეფექტური გდებით იპონით მოუგო, იქამდე კი ბელარუსი, პოლონელი და თურქი მოწინააღმდეგეები დაამარცხა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა ინანეიშვილმა. 19 წლის ძიუდოისტმა ბრინჯაოს ფინალში თურქი ქემალ ერდოგანი კონტრშეტევაზე დაიჭირა და იპონით გაიმარჯვა.

კვარცხლბეკის პირველ საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების და იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს და ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ორგზის ჩემპიონს ილია სულამანიძეს (100 კგ). მან ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ესტონელი, პორტუგალიელი, რუსი და ბელგიელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში კანადელ შეიდი ელნაჰასთან დამარცხდა.

თბილისურ ტატამზე პირველ დღეს ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (60 კგ), ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). მეორე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ),  ალეკო მამიაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

საქართველოს ნაკრებმა კაცთა ჩათვლაში ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდი პირველია საერთო - ქალთა და კაცთა ჩათვლაშიც.